Foto

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტების გაცემის კონტროლთან დაკავშირებით მთავრობის უფლებამოსილებები გაფართოვდება

უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტების გაცემის კონტროლთან დაკავშირებით მთავრობის უფლებამოსილებები და ანტიკორუფციული ბიუროს ბერკეტები, შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს.

ამ მიმართულებით “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ჩასწორდება, რა წინადადებითაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გამოვიდა.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე, ფრაქცია “ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორები გრანტს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, კანონის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა მოხდეს პრევენცია იმისა, რომ “არაკეთილსინდისიერ ადამიანებს არ დარჩეთ სივრცე, უბედურების დატრიალების მცდელობა ჰქონდეთ“.

გორდულაძემ ამ კონტექსტში ყურადღება ორი მიმართულებით გაამახვილა. როგორც მან განმარტა, შესაძლებელია, მთავრობას გრანტზე თანხმობის მისაღებად ერთი მიზნით მიმართონ, მაგრამ რეალობაში მთავრობის თანხმობით გაცემული გრანტი “დესტრუქციას მოხმარდეს“ და შეცვლილი მიზნებით დაიხარჯოს. გორდულაძის თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროს ამის კონტროლის და შესაბამისი ზომებისა და პროცედურების განხორციელების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

გარდა ამისა, როგორც გორდულაძემ განაცხადა, შესაძლებელია, ადამიანებმა გრანტზე თანხმობისთვის მთავრობას საერთოდ არ მიმართონ და საკანონმდებლო ჩარჩოს გვერდი აუარონ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონში უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თუ პირის მიერ მიღებული სახსრები თავისი შინაარსით გრანტია, რაც მთავრობისგან თანხმობის მიღებას საჭიროებდა, ანტიკორუფციულმა ბიურომ ასეთი სახსრები გადაამოწმოს და თუ ეს ყველაფერი დაიდენტიფიცირდება როგორც გრანტი, კანონით გათვალისწინებული პროცედურები და ზომები ამოქმედდეს.

გორდულაძე პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტის რამდენიმე მიმართულებით ჩასწორების წინადადებით გამოვიდა, რომლის გათვალისწინებასა და პროექტში ასახვაზე მომხსენებელმა თანხმობა განაცხადა.

“კანონი ამბობს, რომ გრანტის გამოყენება მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების გამოყენებისთვის არის შესაძლებელი, ხოლო გრანტით გაცემული სახსრების განსხვავებული მიზნებისთვის დახარჯვა დონორის თანხმობით არის შესაძლებელი. დონორმა შეიძლება თანხა ერთი კონკრეტული მიზნით გასცეს, რაზეც მას მთავრობის ან მთავრობის უფლებამოსილი პირის თანხმობა ექნება, მაგრამ გრანტის მიმღებმა მიღებული სახსრები სხვა მიზნებისთვის დახარჯოს, რაც პრაქტიკაში არაერთხელ ყოფილა.

იმისთვის, რომ ასეთი შეფარული თვალთმაქცური გარიგებებიც გამოვრიცხოთ, გთავაზობთ, რომ თუ გრანტის დახარჯვა შეცვლილი მიზნით მოხდება, ამაზეც მთავრობის თანხმობა იყოს საჭირო. თუ შეთანხმებული გრანტის მიზანი შეიცვლება და გრანტის მიმღები თანხას სხვა მიზნით დახარჯავს, ეს მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის გაცემად ჩაითვლება და ასეთ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ამოქმედდება.

ინიცირებული კანონის პროექტით, გრანტის გაცემაზე მთავრობისგან თანხმობის მისაღებად გათვალისწინებულია 10-დღიანი ვადა. გრანტის ხელშეკრულება საკმაოდ მოცულობითია და მოცულობით საკითხებს არეგულირებს. მისი მოცულობიდან გამომდინარე კი, 10-დღიანი ვადა შეიძლება არარელევანტური იყოს. იმისთვის, რომ ინტერესები დაცული იყოს, მიზანშეწონილია, აღნიშნული ვადა კანონპროექტიდან ამოღებულ იყოს და გადაწყვეტილების მიღების ზოგადი ვადები გავრცელდეს“, - განაცხადა გორდულაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მისივე წინადადებით, იმისთვის, რომ მთავრობამ გრანტის გაცემაზე თანხმობა გასცეს, დამატებითი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს, არამხოლოდ საგრანტო ხელშეკრულება და ხელშეკრულებაში გაწერილი საკითხები შეისწავლოს, არამედ საკითხის განხილვის ფარგლებში სხვა დამატებითი დოკუმენტები და სხვა დამატებითი ინფორმაციაც მოითხოვოს.

დაკორექტირდება კანონპროექტის იმ ნაწილიც, რომელიც გამონაკლისებს ადგენს. კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე. როგორც კომიტეტის სხდომაზე გორდულაძემ განაცხადა, გამონაკლისებში საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა არარელევანტურია და ის პროექტიდან ამოღებული უნდა იყოს.