ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსე მუხიკა, რომელიც წარსულში პარტიზანი მებრძოლი იყო და შემდგომში პოლიტიკოსად იქცა, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუხიკა, რომელსაც ურუგვაიში მეტსახელად "პეპეს" ეძახდნენ, ქვეყნის მემარცხენე მთავრობას 2010-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი პროგრესისტული პოლიტიკა მოიცავდა აბორტის, მარიხუანისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა ურუგვაის პრეზიდენტმა იამანდუ ორსიმ X-ზე გაავრცელა და მან მუხიკა "პრეზიდენტად, აქტივისტად, წინამძღოლად და ლიდერად" მოიხსენია. 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხიკა საყლაპავი მილის კიბოს მკურნალობდა. ამის მიუხედავად, მუხიკა პოლიტიკურ სცენაზე 2024 წლის შემოდგომაზე კვლავ გამოჩნდა, როდესაც ის ეროვნულ არჩევნებში მემარცხენე კოალიციის მხარდასაჭერ კამპანიაში ჩაერთო. შედეგად, მისმა რჩეულმა კანდიდატმა ორსიმ პრეზიდენტობა მოიპოვა. მუხიკა "მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტის" სახელით იყო ცნობილი. ის საკუთარი ხელფასის 90%-ს ყოველთვიურად საქველმოქმედო ორგანიზაციებში რიცხავდა და მხოლოდ მინიმალურ თანხას იტოვებდა ყოველდღიური საჭიროებისათვის. თანამდებობაზე ყოფნისას მან ასევე უარი თქვა პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლაზე. ამის ნაცვლად, მან დედაქალაქ მონტევიდეოს გარეუბანში მდებარე საკუთარ სახლში გადაწყვიტა დარჩენა, სადაც მას ყვავილების ფერმაც ჰქონდა. ახალგაზრდობაში მუხიკა ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ამბოხებულთა დაჯგუფებას, სახელად Tupamaros-ს, შეუერთდა, რომლის წევრებიც დაბომბვებს აწყობდნენ, ბანკებს ძარცვავდნენ და ხალხს იტაცებდნენ, ხოლო 1969 წელს დროებით ურუგვაის ქალაქ პანდოს ოკუპაციაც მოაწყვეს. მუხიკა 1970 წელს დაიჭირეს, როდესაც პოლიციასთან სროლის დროს მძიმედ დაიჭრა. მალევე მან ციხიდან გაქცევა სცადა, როდესაც პატიმრობაში მყოფ Tupamaros-ის სხვა წევრებთან ერთად ციხიდან გვირაბის გათხრა შეძლო, რომლის მეშვეობითაც 105-მა ამბოხებულმა შეძლო გაქცევა. თუმცა, მათი უმეტესობა მალევე დაიჭირეს, ხოლო მუხიკა სცემეს, აწამეს და იზოლატორში მოათავსეს. იგი ციხიდან 1985 წელს გამოუშვეს. ამ დროისთვის ურუგვაის დიქტატურული რეჟიმი დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ ჩაანაცვლა, ხოლო მუხიკამ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში ჩართვა გადაწყვიტა.
რუმინეთს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, კალი...
ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ...
ირანის პარლამენტმა რუსეთთან გაფორმებული სტრატეგ...
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-1...
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქც...
Mana press