Foto

თალაკვაძე „მთავარის“ მიერ გავრცელებულ სუს-ის ჩანაწერებზე - ეს არის მორიგი „ფეიკ ნიუსი“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით „ფეის ნიუსს“ უწოდებს.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ეს არ არის ჩანაწერები, ესაა ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს.

„ჩემთვის ეს არის მორიგი „ფეიკ ნიუსი“, გავრცელებული იმ არხიგან და იმ ე.წ მედიამენეჯერებისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ რადიალური ოპოზიციური პარტის ერთ-ერთი ლიდერი. სინამდვილეში ჩანაწერები არ არის, ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს და გ.ნ-მ რა უთხრა ბ-ნ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე. მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების, თუნდაც ჩემი ოჯახის მიმართ ჩვენ ვნახეთ ყალბი დეზინფორმაციები და ფეიკ-ნიუსები, არ უნდა გაგვიკვირდეს არც ეს. ჩვენ ამ ყველაფერს ვხვდებით მშვიდად, ვინაიდან ვიცით ვინ არის ნიკა გვარამია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. გვარამიას თქმით, ფარულ ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ მირად ცხოვრებაზე.