სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შესახებ, გუშინ „მთავარი არხის” გასული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლის და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები ავრცელებენ.
როგორც მათ საერთო გაცნხადებაშია ნათქვამი, მედიაში გასული ინფორმაცია კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არც ერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები გავრცელებულ ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული ყველა პოტენციური დამნაშავის გამოსავლენად.
„გუშინ, მთავარი არხის ეთერში გავიდა მასალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ, რომელმაც განამტკიცა საზოგადოებაში უკვე არსებული ეჭვები ქვეყანაში ადამიანის კერძო სფეროში უკანონოდ ჩარევის მძიმე პრაქტიკის არსებობის თაობაზე, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო უკანონოდ განხორციელებული ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ.
მასალაში ნახსენები სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები (გიორგი ონიანი, გურამ იმნაძე და გიორგი მშვენიერაძე) ადასტურებენ გადაცემაში განხილული ერთ-ერთი კომუნიკაციის ნამდვილობას, რომელიც შეეხებოდა სოციალური სამართიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის დაბარებას უსაფრთხოების სამსახურში. ეთერში გასული სხვა ინფორმაციის ნამდვილობას ასევე ადასტურებს რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი მგელაძეც.
გუშინ მედიაში გასული ინფორმაცია კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არც ერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელები.
ფრაგმენტული რეფორმების, ფიქტიური სასამართლო და სუსტი საპარლამენტო ანგარიშვალდებულების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ჭარბი უფლებამოსილებით და მძლავრი ბერკეტებით, მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა ქვეყნაში. შემაშფოთებელია ისიც, რომ პარლამენტი განაგრძობს სუს-ის ოპერატიულ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და ამაზე მიუთითებს ინფორმაციული უსაფრთხოების კანონში განხორციელებული ცვლილებები.
არაერთი მცდელობის, ფართომასშტაბიანი კამპანიების მიუხედავად, სახელმწიფომ, დღემდე ვერ აიღო პასუხისმგელობა სამსახურის და მის ფარგლებში არსებული კონტროლის ინსტრუმენტების ფუნდამენტურ რეფორმაზე, მოსმენა-მეთვალყურების მექანიზმების გადახედვაზე, ამ პროცესის დემოკრატიულ რეჟიმში მოქცევაზე. ამ რეფორმის ჩაგდებით, სახელმწიფომ ლეგიტიმაცია მისცა უწყების ფარგლებში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის ხარჯზე, მასობრივი მოსმენების და კონტროლის ფუნქციას.
ოკუპაციის, შიდა და საგარეო საფრთხეების სიჭარბის მიუხედავად, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი სახელმწიფოსათვის პოლიტიკურად საინტერესო კონკრეტული ჯგუფების კონტროლზე იხარჯება და არ ხდება სამსახურის რესურსების მობილიზება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების იდენტიფიცირების, მათზე რეაგირების მიზნით.
მყიფე დემოკრატიის, მძიმე პოლიტიკური კრიზისების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყანაში მკაცრად პოლიტიზირებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად, რომელიც კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტით ცდილობს. ქვეყანაში სუსტია სამსახურის უკანონო საქმიანობაზე რეაგირების მექანიზმები. მოქალაქეების შესაძლო უკანონო კონტროლის და მეთვალყურეობის საქმეების გამოუძიებლობასთან ერთად, ქვეყანაში არ არსებობს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობის ინსტრუმენტები. ფიქციურია სასამართლო კონტროლის მექანიზმები, ხოლო საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტები იშვიათ შემთხვევაში იწვევს პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს უწყებას, დაუსჯელად, ყოველავარი ანგარიშვალდებულების გარეშე აკონტროლოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნებისმიერი სფერო.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:
საქართველოს პროკურატურას:
დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები გავრცელებულ ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული ყველა პოტენციური დამნაშავის გამოსავლენად;
საქართველოს პარლამენტს:
აიღოს პასუხისმგებლობა უწყების კონტროლზე და დაიწყოს უსაფრთხოების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმაზე მსჯელობა; ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, როცა მოცემულ ვითარებაში და არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში, საზოგადოებას არ აქვს ნდობა, რომ სახელმწიფო სათანადოდ და ობიექტურად გამოიძიებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ყველა შესაძლო ფაქტს;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს:
დროულად განიხილოს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2015 წელს წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი მოსამართლის ნებართვის გარეშე ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისა და ფარული ფოტო/ვიდეო/აუდო გადაღების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ასევე, 2017 წელს, 326 მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ითხოვს ფარული მიყურადების არსებული ინფრასტრუქტურისა და სისტემის კონსტიტუციურ ფარგლებში მოქცევას”, -ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
“სოციალური სამართიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC)
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)
“ადამიანის უფლებათა ცენტრი“
„უფლებები საქართველო“
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI)
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
“ღია საზოგადოების ფონდი“
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press