Foto

ყაველაშვილი ოპოზიციის წევრებს არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ შეწყალებას სთავაზობს

მიხეილ ყაველაშვილმა დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შეწყალება დაჰპირდა, თუ ისინი მომავალ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდებიან. პრეზიდენტმა, რომლის ლეგიტიმურობას ოპოზიცია და საქართველოს საზოგადოების ნაწილი არ აღიარებს, შესაბამისი განცხადება საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

„ვთავაზობ, რომ ყველა შესაბამისმა მსჯავრდებულმა პოლიტიკოსმა დამიკავშირდეს შეწყალების თხოვნით და იმავე თხოვნით დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ასეთი მიმართვის შემთხვევაში, მე დაუყოვნებლივ გამოვცემ შეწყალების აქტს“, - წერს ყაველაშვილი.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი. თუმცა, რვა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე გამოაცხადა საარჩევნო პროცესის ბოიკოტი.

ყაველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ. მან ასევე ხაზი გაუსვა ყველა პარტიის მიერ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოების აუცილებლობას.
ადგილობრივ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ერთდროულად რვა პოლიტიკოსი იმყოფება ციხეში. ექვსი მათგანი სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერია. ყველა მათგანი ციხეშია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობის გამო, რომლის ლეგიტიმურობასაც ისინი არ ცნობენ.

ზოგიერთი მათგანი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფებოდა, თუმცა რვავე მათგანს ამჟამად პატიმრობა მიესაჯა. პარტია „ლელო“, რომლის ლიდერებსაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე მიესაჯათ პატიმრობა, არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს.

რვა პარტიას შორის, რომლებიც უარს ამბობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს „რუსეთის უკანონო რეჟიმისთვის ლეგიტიმურობის შთაბეჭდილებას შექმნის“, არიან:

„თავისუფლების მოედანი“ (კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი წევრი)
„ევროპული საქართველო“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„აღმაშენებლის სტრატეგია“
„ახალი“
„გირჩი - მეტი თავისუფლება“
"დროა"
„ფედერალისტები“
4 ივლისს, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის გახდა მერვე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.