Foto

გაბუნია - ინფიცირების 4 000-ზე მეტი შემთხვევა მიუთითებს, რომ მეოთხე ტალღის პიკია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის 4 000-ზე მეტი შემთხვევა ბოლო 2 დღის განმავლობაში მიუთითებს, რომ საქართველო მეოთხე ტალღის პიკშია.

როგორც გაბუნია განმარტავს, ვირუსისგან მთავარი დაცვის საშუალება პირბადის გამოყენება და არსებული რეგულაციების დაცვაა.

„4 000-ზე მეტი შემთხვევაა უკვე ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ პიკია რეალურად, მეოთხე ტალღის. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება, 7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული და დამატებითი კლინიკები ერთვებიან, ასევე ემატება სასტუმროებიც და ბინაზე 27 000-მდე პაციენტი იტარებს მკურნალობას. გუშინ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისათვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს და სწრაფად მოხდეს პაციენტის საწყისი შეფასება. აქ პრევენციული ღონისძიებების გატარება, ამ პირობებში, რთულია. მთავარი დაცვის საშუალება, პირბადის გამოყენებაა და მისი ტარების გაზრდის შემთხვევაში, გვექნება შესაძლებლობა, რომ პიკი იყოს შედარებით ხანმოკლე და იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც ვიცით, რომ არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.