Foto

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.0%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11.9 პროცენტი, შეადგინა.

„ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. საქართველოშიც ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11.9 პროცენტი, შეადგინა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის განმსაზღვრელი ფაქტორები, ძირითადად, ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია. მათგან მთავარი მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასებია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. ივლისის მონაცემებით იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.4 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდას (7.2 პროცენტი). ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე რიგი კვების პროდუქტების ფასების გარკვეული შემცირება შეინიშნება და აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზეც პოზიტიურად უნდა აისახოს.

ადგილობრივი ერთჯერადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია კომუნალური გადასახადები, რამაც წლიურ ინფლაციაში 1.7 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ზემოაღნიშნულ დროებით ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შიდა მოთხოვნაც - ეკონომიკურმა ზრდამ წლის პირველ ნახევარში 12.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის ზრდის პროგნოზმა 8.5 პროცენტამდე მოიმატა. ამასთან, ფისკალური სტიმულის მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, დაკრედიტების არსებული ტემპი სასურველზე მაღალია. განახლებული მონაცემებით, ინფლაციის მოკლევადიანი პროგნოზი წინა პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია და, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 9 პროცენტზე მაღალი იქნება.

იმისათვის, რომ დროებითი ფაქტორების შედეგად ფასების ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანად არ მოახდინოს გავლენა, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას. ამგვარი პოლიტიკით და ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

საგარეო მოთხოვნა ზრდას განაგრძობს, თუმცა, ჯამურად - ტურიზმის გათვალისწინებით - პანდემიამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, შემცირებული რჩება. წინასწარი მონაცემებით, ივნისში საქონლის ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 13 პროცენტით აჭარბებს. საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი ივნისში წლიურად 11-ჯერ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება 64 პროცენტია. რაც შეეხება საქონლის იმპორტს, ივნისში 37 პროცენტიანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს დაახლოებით 13 პროცენტით აღემატება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 15 სექტემბერს ჩატარდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.