Foto

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. ამის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეო სოფელ არხილოსკალოშია გადაღებული, სადაც პრემიერი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ადგილზე ათობით ადამიანია შეკრებილი, რითაც მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაცია ირღვევა. ასევე, მოქალაქეებს არ იყენებენ პირბადეებს და არ იცავენ სოციალურ დისტანციას. 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ დრომდე არ არის კორონავირუსის ვაქცინით აცრილი. მას კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა. აცრის საკითხთან დაკავშირებით, ფორმულა მთავრობის ადმინისტრაციას გუშინ დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცეს. რაც შეეხება უშუალოდ, დღეს გავრცელებულ ვიდეოს, ფორმულა პრემიერის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.