Foto

ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

პრემიერმა აცრა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.

„დღეს მე ჩავიტარე აცრა. ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით. ოთხი თვის წინ გადავიტანე კოვიდი საკმაოდ იოლ ფორმებში. რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რომ გავიძლიერო იმუნიტეტი. მინდა მოსახლეობას მივმართო თხოვნით, ყველამ ჩავიტაროთ აცრა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი, ძალიან ბევრი ტრაგიკული ისტორია ვიცით, რადგან მათ შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობაც დამდგარა. ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი, რაც მეცნიერებას შეუძლია შესთავაზოს მოსახლეობას არის აცრა. ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია. მსოფლიომ გამოსცადა ყველაფერი, მათ შორის ლოკდაუნები, მკაცრი ჩაკეტვები და ა.შ. რამაც ეკონომიკას მიაყენა ძალიან დიდი ზიანი, მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი და დაინგრა ეკონომიკები. ბოლო პერიოდში, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში. ყველანაირი ვაქცინა გვაქვს, ჯამში სამი მილიონი. ჩაკეტვებით ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, პანდემიის დამარცხება შეგვიძლია მხოლოდ ვაქცინაციით. ხვალ ვიმსჯელებთ, გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიცაა ნიღბების ტარება, მით უმეტეს შევდივართ არჩევნების აქტიურ ფაზაში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაც გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები“, – განაცხადა პრემიერმა.