Foto

ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე უკვე თბილისშია

საქართველოს ექვსმა მოქალაქემ ქვეყანაში დაბრუნება უნგრული ბორტით შეძლო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გვაწვდის. ილია დარჩიაშვილის განცხადებიდან ვიგებთ, რომ საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიური მუშაობა გრძელდება.

"საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან დაბრუნდა სამშობლოში, უსაფრთხოდ, რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სიტუაცია არ არის პროგნოზირებადი, რამაც აუცილებელი გახადა ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაცია, დროულად დაბრუნება. ეს პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი კვლავ იმყოფება ავღანეთში, შესაბამისად, საქართვლო პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი ავიარეისების ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას უკვე მეოთხე დღეა ცდილობენ, თუმცა დღემდე მხოლოდ 6 მათგანის გადმოყვანა გახდა შესაძლებელი. აქამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ საქართველოს 16 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებას უკრაინული მხარის დახმარებით შეძლებდა, თუმცა უკრაინული ბორტი ავღანეთიდან ქართველების გარეშე დაბრუნდა. ამის შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი ვერ გადმოყვანის მიზეზი “ქაბულში დაძაბული მდგომარეობა” იყო. “შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი გამოფრინდა მათ გარეშე”,- განაცხადეს სამინისტროში. საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუწყებოდა, რომ ავღანეთში თვითმფრინავს ქართული მხარეც გააგზავნიდა, თუმცა ამ საკითხზე სიახლე ჯერჯერობით არ არის.