Foto

7 თვის ორსული კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილი 7 თვის ორსული ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. ამ საკითხზე საუბრისას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს: "რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 56 878 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 316 პაციენტი.

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10.40%-ია, ბოლო 7 დღის - 11.09%-ის, 14 დღის - 10.71%.

5 914 ახალი შეთხვევიდან თბილისში 2 298 დადასტურდა, აჭარაში - 877, იმერეთში - 789, ქვემო ქართლში - 355, შიდა ქართლში - 318, გურიაში - 188, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 313, კახეთში - 452, მცხეთა-მთიანეთში - 140, სამცხე-ჯავახეთში - 122, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 62.

18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 376 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 432 506 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 532 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 57 312 აქტიური შემთხვევაა. 1 461 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 620 მკურნალობს, აჭარაში - 146, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 327 პაციენტია, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 23, იმერეთში კი - 19.