Foto

ბიძინა კულუმბეგოვი საპატრიარქოს მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის აღკვეთისაკენ მოუწოდებს

კულუმბეგოვი სასულიერო პირთა ნაწილს საექიმო და საგანმანათლებლო საქმეში ხელის შეშლაში ადანაშაულბს, რაც მისი თქმით, “პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილად”. კულუმბეგოვი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სასულიერო პირების მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს Facebook-ზე ეხმიანება.

"სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა (ეს არ ეხება მესტიას) დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, ეკლესიის წარმომადგენლები არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელის შეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილად!", — წერს კულუმბეგოვი Facebook-ზე.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა კულუმბეგოვი ბოლო პერიოდში UNICEF-თან ერთად რეგიონებში დადის და მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრება, რის შემდეგაც ადამიანები იცრებიან. მსგავსი შეხვედრა უკვე ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში და სხვაგან. 17 აგვისტოს ისინი ზუგდიდში იმყოფებოდნენ. როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა, შეხვედრაზე მოსული პედაგოგების 100% აიცრა.