Foto

თალიბების კიდევ ერთი თავდასხმა მედიაზე - მათ გერმანული მედიასაშუალების ჟურნალისტის ნათესავი მოკლეს

თალიბებმა გერმანული მედიასაშუალების, “DW”-ეს ჟურნალისტის ახლო ნათესავი მოკლეს, ხოლო ერთი მძიმედ დაჭრეს. როგორც მედიასაშუალება იუწყება, ისინი ეძებდნენ ჟურნალისტს, რომელიც უკვე გერმანიაში იმყოფება.

თალიბების ქმედებების საპასუხოდ “DW”-ეს გენერალური დირექტორი პეტერ ლიმბურგი მთავრობას გადამწყვეტი მოქმედებისკენ მოუწოდებს. ლიმბურგის ინფორმაციით, თალიბებმა ავღანეთის სხვადასხვა პროვინციაში გაჩხრიკეს მედიაკომპანიის სულ მცირე სამი თანამშრომლის ნათესავების სახლები.

DW-მ და სხვა გერმანულმა მედიასაშუალებებმა მთავრობას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს, საგანგებო სავიზო პროგრამა აამოქმედოს ავღანელი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც გერმანული გამოცემებისთვის მუშაობდნენ და მათი ოჯახების წევრებისთვის.

ჟურნალისტების და მათი ნათესავების გარდა, თალიბებმა დაიწყეს ავღანეთის სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლების დევნა. ასევე, იმ ავღანელების, რომლებიც აშშ-ის და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროებთან თანამშრომლობდნენ. 19 აგვისტოს, BBC-მ, Reuters-მა, NYT-მა და სხვა მედიასაშუალებებმა მოიპოვეს გლობალური ანალიზის ნორვეგიული ცენტრის მიერ გაეროსთვის მომზადებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, თალიბებმა მათ მიერ „შავ სიაში“ შეყვანილ ავღანელებზე ნადირობა გამოაცხადეს და იმ შემთხვევაში, თუ პირადად მათ ვერ პოულობენ, ოჯახის წევრებს აპატიმრებენ და შარიათის კანონების საკუთარი ინტერპრეტაციის მიხედვით სჯიან.