Foto

დავაგეთ გზები, რომლებიც კომუნისტების დროსაც კი არ იყო დაგებული - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის წარდგენისას, გასული 8 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი.

 "ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ რაჭის რეგიონის მიმართულებით 300 მილიონზე მეტი დაიხარჯა 3 ათასზე მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტში. ეს არის რეალურად ის ხელშესახები პროექტები, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ - გზების მშენებლობა, მოწესრიგებულია თითქმის ყველა გზა, დავაგეთ გზები, რომლებიც მათ შორის კომუნისტების დროსაც კი არ იყო დაგებული.

ეს არ ყოფილა იოლი, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა მმართველების დროს ქვეყანამ კატასტროფული შედეგები მიიღო, ომებით, სამოქალაქო დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით და უამრავი გამოუსწორებელი შედეგი მივიღეთ ამ ყველაფრის შედეგად. თუნდაც ის ფაქტი რომ გავიხსენოთ, ხშირად აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას და ათას დაუსაბუთებელ უსაფუძვლო ბრალს სდებენ ჩვენს მთავრობას. რუსული ჯარი, უკვე ბოლო დანაყოფი, 2007 წელს გავიდა. დატოვა ბოლო ქვედანაყოფმა ჩვენი ტერიტორია, სულ რამდენიმე თვეში, იმ არასწორი, უგუნური პოლიტიკის შედეგად, იმის გამო, რომ ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რუსული ჯარი დაბრუნდა საქართველოში. ამან გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც რა თქმა უნდა, არის გამოუსწორებელი შედეგი. დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი, რომელსაც თავად სააკაშვილმა უწოდა "ქვების გროვა". მე ძალიან მაინტერესებს და მინდა, ყველა იმ ადამიანს შევხვდე და პირადად გავესაუბრო - როგორ შეიძლება ასეთ ძალას მხარი დაუჭიროს დღეს ადამიანმა, მოქალაქემ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ძირძველ ტერიტორიებს, ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილ ნაწილს უწოდა "ქვების გროვა" და შემოიყვანა და დააკანონებინა ოკუპაცია“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.