Foto

უკვე მეჩვიდმეტე განცხადებაა, ვითომ სახმელეთო გზით საქართველოში ჩამოდის - ვოლსკი სააკაშვილზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, სააკაშვილს მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია და უკვე "პოლიტიკური უზნეობის პიკია". 

„ისეთი ეპოპეა განვითარდა - სააკაშვილის მოლოდინში, უკვე მეჩვიდმეტე განცხადებაა, რომ სახმელეთო გზით საქართველოსკენ მოემართება. განცხადება, რაც გააკეთა, ვფიქრობ, პოლიტიკური უზნეობის პიკია, როდესაც იწყებს საუბარს ევროპული ფასეულობებით და ამთავრებს შარაგზის ყაჩაღის გამონათქვამებით, ქონების წართმევის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, ოპოზიციურ ჯგუფებს სხვადასხგვარი განცხადებები ჰქონდეთ, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ეს განცხადება, ასეთი მეკობრული სულისკვეთებით არ არის გაზიარებული და არც საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, ამით აღფრთოვანებული არ არის. ეს თემა რასაკვირველია, დღის წესრიგში იქნება, მიზანიც ეს არის, რომ დღის წესრიგში იყოს, რათა დაძაბულობის ტალღა შენარჩუნდეს, დესტაბილიზაციის, დესტრუქციის თემები იყოს გაღვივებული. არც ერთი სიტყვა არ არის იმაზე, რა პროგრამა აქვს ოპოზიციას, რას ფიქრობს სამომავლოდ.

როდესაც მუხტი დაბლაა, როდესაც მხოლოდ დესტაბილიზაციაზეა საუბარი, ის ამ განცხადებებით ცდილობს, საზოგადოებაში ეს მუხტი შეინარჩუნოს. ეს არის მიზანი.

რაც შეეხება მის ჩამოსვლას, ნაკლებად მგონია, თუმცა, აქ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება, არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც სამართლებრივად იმოქმედებს“, - “, - განაცხადა ვოლსკიმ.