Foto

შემუშავდა აპლიკაცია, რომელიც მოქალაქის COVID-სტატუსს ადგენს

შრომის ინსპექციის სამსახურის დირექტორის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქართველოში შემუშავდა აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება დადგინდეს მოქალაქის კოვიდ-სტატუსი. 

ბექა ფერაძის თქმით, აპლიკაციის მოხმარების შესახებ ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური შეხვედრები დაიწყება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, არ აქვს სმარტფონი, შესაძლებლობა ექნებათ QR კოდი ფურცელზე ამობეჭდონ და ისე წარადგინონ.

"სამინისტროს გუნდის მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია COVID-სტატუსის დადგენის მიზნით, ე.წ. COVID Pass-ის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის COVID-სტატუსის იდენტიფიცირებას. იცით, რომ ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენთან, ე.წ. მწვანე ზონებზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი.

ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას. აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში PCR ტესტის უარყოფით პასუხს, სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში, ასევე აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციაზე, იმ შემთხვევაში, თუ აცრილია ადამიანი და ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ აქვს გადატანილი COVID-ი". - განაცხადა ფერაძემ.