Foto

ფლანგვის დეტექტორი: „2015-21 წლებში სუს-ს 800 მლნ გადავუხადეთ, აქედან 559 მლნ ხელფასებში დაიხარჯა“

2015 წლიდან დღემდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 800 393 700 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

"უკანონო ფარული მიყურადება წლებია, აქტუალური პრობლემაა. ჯერ კიდევ 2012 სექტემბერში სხვადასხვა ქსელით გავრცელდა ჩანაწერები, რომელიც მოიცავდა უკანონო ფარული მიყურადებით შეგროვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას. ჩანაწერები ძირითადად 2003-2012 წლებში უკანონოდ იქნა შეგროვებული სხვადასხვა ძალოვანი უწყების მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერები მოიცავდა დაახლოებით 29,000-მდე ვიდეო და აუდიო ჩანაწერს.

ბოლო 2 თვის განმავლობაში უკანონო მოსმენების შესახებ 2 ჯერ გავრცელდა ინფორმაცია. სუს-ის მხრიდან მოქალაქეების შესაძლო ტოტალური უკანონო მოსმენა-მიყურადებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან, 2015 წლიდან – დღემდე, 2021 წლის ჩათვლით, უწყებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800,393,700 ლარი დაიხარჯა. დაფინანსება სტაბილურად მზარდია. 2015 წელს სუსი 37,374,800 ლარით დაფინანსდა, 2021 წელს კი მისი დაფინანსება უკვე 137,500,000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სუს-ში სტაბილურად 3,850 თანამშრომელი არის დასაქმებული და 2015 წლიდან დღემდე დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა. თუმცა, მიუხედავად ყოველწლიურად დასაქმებულთა ერთი და იგივე რაოდენობისა, შრომის ანაზღაურებაში დახარჯული თანხები წლიდან წლამდე იზრდება. 2015-2021 წლებში სუს-ში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე 558,998,100 ლარი დაიხარჯა. ამ წლების განმავლობაში ორგანოს დაფინანსების 70% შრომის ანაზღაურებაში იხარჯებოდა.

2015 წლიდან სუს-ის უფროსის თანამდებობას ვახტანგ გომელაური იკავებდა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვას ხელმძღვანელობდა. 2019 წლიდან კი, ვახტანგ გომელაურის ნაცვლად სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა.

სუს-ში მუშაობის განმავლობაში (2017 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით) გრიგოლ ლილუაშვილს შრომის ანაზღაურების სახით 306,306 ლარი აქვს მიღებული."- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.