Foto

შვილებით ემუქრებოდნენ და აიძულეს, მოეხსნა კანდიდატურა - გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ ზეწოლაში ადანაშაულებს

პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სამტრედიის მაჟორიტარ კანდიდატს , ნიკა საკანდელიძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს. 

"ნიკა საკანდელიძე არის სამი შვილის მამა. მას ემუქრებოდნენ საკუთარი შვილებით, ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილები აქ თამაშობდნენ საფეხბურთო მოედანზე. საბოლოოდ მათ, რამდენიმესაათიანი ზეწოლის შემდეგ, განცხადების დაწერა აიძულეს. ეს განცხადება დაიწერა ქართული ოცნების სამტრედიის შტაბში, შემდგომ გადაეცა, როგორც მას უთხრეს. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს.

საღამოს ექვს საათზე ვიპოვეთ ეს ადამიანი და მან სრულად აღწერა ის, რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც სჩადის ქართული ოცნება. კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია ადმინისტრაციაში. რა თქმა უნდა, უნდა დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ განცხადების გაუქმებას. ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დაკავებას, რომელიც ჩართული იყო ამ უმძიმეს დანაშაულში, ასევე მოვითხოვთ დაკავებას ქართული ოცნების იმ შტაბის წევრების რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემაში და საოლქო საარჩევნო კომისიიდან ვითხოვთ იმ ადამიანების გათავისუფლებას, ვინც შეხმატკბილებულად მოქმედებდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მივმართავთ სახალხო დამცველს და ყველა ინსტიტუციას იმისათვის, რომ დაცული იყოს ნიკას უფლებები. ეს არ არის ერთადერთი პრეცნენდენტი, მაგრამ ამ ადამიანმა გამოიჩინა ვაჟკაცობა, უკან არ დაიხია და ყველაფერზე ისაუბრა ღიად". - ამბობს გიორგი ვაშაძე.