Foto

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას, გაანადგურონ არსებული ფარული ჩანაწერები

საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება მათი სატელეფონო საუბრები, - აღნიშნულის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელშია გავრცელებული.

როგორც წერილშია ნათქვამი, მოსმენის პრაქტიკა დიდ ზიანს აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩათული არიან მსგასვი ტიპის სერვისებში, რადგან ხელს უშლის უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვას.  

„საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება და შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების - უსაფრთხოება.

მსგავსი პრაქტიკა  დიდ ზიანს აყენებს როგორც ამ ტიპის სერვისებში ჩართულ პირებს, ასევე ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რადგან შეუძლებელს ხდის დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების საბაზისო ეთიკური წესები. ამავდროულად ხელს უწყობს მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სპეციალისტების დისკრედიტაციას და კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე პირების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 157 მუხლით განსაზღვრულ კანონს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას,  მოახდინოთ სათანადო რეაგირება, დროულად დაიწყოს გამოძიება უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკის საქართველოში დანერგვის მიზეზებისა და დანერგვის შესახებ.

გაანადგუროთ არსებული ინფორმაცია და ჩანაწერი, რომელიც მოპოვებულია უკანონო ფარული მიყურადების შედეგად, რათა დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში ჩართული პირების უფლებები", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ასოციაციები და ორგანიზაციები:

GSP საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება

GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია

საქართველოს იმდიარ საზოგადოება

სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება

GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში

GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი