კომპანია "ალმა" ამირან გამყრელიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ვაქცინაციის კამპანიისთვის სივრცეს უსასყიდლოდ თმობდნენ და მისი ბრალდება "სამწუხარო და უსაფუძვლოა".
"მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჩვენთან არ დაუმყარებია არანაირი სახის კომუნიკაცია და ჩვენთვის არ უთხოვნიათ კამპანიის გაგრძელება, „ალმამ“ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნა და დღემდე ინარჩუნებს ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ მას შემდეგ რაც, რამოდენიმე დღის წინ, მოხდა ვაქცინაციის მოწოდების ვიზუალის სულ 3 (სამი) ლოკაციაზე სხვა შინაარსის იმიჯებით ჩანაცვლება, კომპანია „ალმამ“, საკუთარი ინიციატივითვე, უზრუნველყო: პირველი, მათ სანაცვლოდ სხვა ბილბორდების კვლავ უსასყიდლოდ გამოყოფა და მეორე, სარეკლამო მონიტორებზე/ეკრანებზე ვაქცინაციის მოწოდების ვიდეო რგოლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი გაზრდა.
შედეგად, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში „ალმას“ 50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია და მონიტორი სრულიად უსასყიდლოდ კვლავ ეთმობა ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიას.
აბსოლუტურად გულწრფელად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბ-ნ გამყრელიძის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი დაუმსახურებლად და არაობიექტურად მოექცე ვინმეს. დარწმუნებული ვართ, უფრო მეტი დროის დათმობისა და საქმის დეტალებში გარკვევის შემთხვევაში მათ მიერ ამ ტიპის განცხადების გაკეთება არ მოხდებოდა.
ასევე, გვინდა ვთხოვოთ და მოვუწოდოთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოთ ბიზნესზე უსაფუძვლო, არაობიექტური შეტევებისა და თავდასხმებისგან, რამეთუ ჩვენს ქვეყანას ააშენებს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა და ძლიერ ეკონომიკას კი ქმნის კერძო ბიზნესი. ძლიერი ეკონომიკა არის საზოგადოების კეთილდღეობის გარანტი, სიღარიბისა და გაჭირვების დაძლევის ერთადერთი, უალტერნატივო გზა და ამ პრობლემების გადაჭრაზე ფიქრი თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება უნდა იყოს.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც იწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ სარეკლამო ბანერების შინაარსი და ვიზუალიზაცია, რამაც საზოგადოების ნაწილის ობიექტური გაღიზიანება გამოიწვია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, 20 სექტემბერს NCDC-მ კომპანია "ალმა" ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით ჩანაცვლება მოთხოვა. როგორც გამყრელიძე ამბობს, ხელშეკრულებით ვაქცინციის მხარდამჭერი ბანერების განთავსების ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდათ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press