„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და CRRC-მა მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების მიმართ კვლევა წარადგინა.
ISFED-ის ანალიზი ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის მიერ წინასაარჩევნო პერიოდსა და ასევე, არჩევნების დღეს გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევების აღქმასა და კონკრეტული სახის დარღვევების არსებობის შესახებ ინფორმირებულობაზე.
კერძოდ, გამოკითხულთა 27%-ს საარჩევნო ბიულეტენის უბნის გარეთ გატანაზე სმენია, 11%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო უბნის მიმდებარედ ე.წ.ძველი ბიჭები შეუმჩნევია.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, კერძოდ, 50% ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო 40% ამბობს, რომ მნიშვნელოვანია. თუმცა ასოციაციები არჩევნებთან მიმართებაში ხშირად არის უარყოფითი, კერძოდ, იმედგაცრუებასთან და არეულობასთან დაკავშირებული.
„საქართველოში არჩევნების მიმდინარეობა იშვიათად ფასდება, როგორც დემოკრატიული. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ყველაზე ხშირად დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვა (19%) და შევიწროება (12%) აღიქმება;
მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია უშუალოდ არჩევნების წინ წამოწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ვალების და ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებული ინიციატივები, რომლებიც მოსახლეობის აზრით, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე; კერძოდ, გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ საბანკო ვალებისა და ჯარიმების გაუქმება გავლენას ახდენს ამომრჩევლის არჩევანზე. ასევე, 67% ამბობს, რომ ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე გავლენა აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრებზე, დასწრების იძულების თაობაზე მოსახლეობის 15%-ს სმენია. გარდა ამისა, 8%-ს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, ხოლო 2%-ს სოციალურმა მუშაკმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირადი ნომერი ან სხვა პირადი ინფორმაცია სთხოვა;
მოსახლეობის 12% ამბობს, რომ პირადად იცნობს ადამიანს, ვისაც ხმის მიცემის სანაცვლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირად სარგებელს დაჰპირდა პარტია, ხოლო 10% პირადად იცნობს ადამიანს, ვინც კონკრეტული პარტიისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ფული ან საჩუქარი მიიღო;
მოსახლეობის დიდი ნაწილი ხმის ფარულობის დარღვევას შესაძლებლად მიიჩნევს და 27%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სმენია შემთხვევის შესახებ, როდესაც ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო უბნის გარეთ გამოიტანა;
მოსახლეობის 16%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორები შეუმჩნევია. უმრავლესობისთვის პარტიების კოორდინატორების საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა მიუღებელია და დაახლოებით მესამედის აზრით, ეს ამომრჩეველთათვის შემავიწროებელ გარემოს ქმნის და გავლენას ახდენს ამომრჩევლის არჩევანზე;
მოსახლეობის 11%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “ძველი ბიჭები” შეუმჩნევია და უმრავლესობისთვის ეს მიუღებელია.
მოსყიდვის სხვადასხვა ფორმების განხორციელება, ისევე, როგორც დაშინების ტაქტიკების გამოყენება პოლიტიკური პარტიების მხრიდან შესაძლებლად აღიქმება კვლევის მონაწილეთა უმეტესი ნაწილისთვის;
აღსანიშნავია, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდის დროს გაცემული დაპირებების, ასევე მოსყიდვისა და დაშინების შემთხვევების და არჩევნების დღეს პილიტიკური პარტიის მხრიდან ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობების თვალსაზრისით, ამომრჩევლის მოსაზრებები და გამოცდილება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს.
ანგარიში ეფუძნება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მონაცემები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეგროვდა. ინტერვიუები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე 3100 ზრდასრულ ადამიანთან ჩატარდა. მონაცემები წარმომადგენლობითია საქართველოს მოსახლეობისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექვსი ფოკუს ჯგუფი სოციალურად მოწყვლად მოსახლეობასთან თბილისში, ზუგდიდში და სოფელ შილდაში. ასევე, ჩატარდა ექვსი ინტერვიუ საჯარო მოხელეებთან თბილისიდან, ზუგდიდიდან და სოფელ შილდიდან და ოთხი ინტერვიუ ბიზნესების წარმომადგენლებთან თბილისიდან და ზუგდიდიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ფონდ ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press