Foto

შალვა პაპუაშვილი: „მოგესალმებით ბუენოს აირესიდან“

"მოგესალმებით ბუენოს აირესიდან" - ამ სიტყვებით დაიწყო შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგი. 

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, დღეს 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მართველმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა და სიმბოლურია, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, წერტილი დაესმვა.

"დღეს 1 ოქტომბერია, ცხრა წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს წერტილი დაესვა „ ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას. „ ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე. ხვალ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ მუნიციპალიტეტებში მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევს." - განაცხადა პაპუაშვილმა. 

შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ინტერნეტსივრცეში შექმნილ ახალ საარჩევნო პორტალზე, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

"დღეს, ჩვენ გვსურს, კიდევ ერთი სიახლე წარმოგიდგინოთ, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე მოსახლეობას შესთავაზებს და ამ სახით ის უპრეცედენტო იქნება. 
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და თავად არჩევნების დღე, როგორც დემოკრატიის ყველაზე ფუძემდებლური მომენტი, უნდა იყოს მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით - „საარჩევნო პორტალი 2021“ - სპეციალური სივრცე ინტერნეტში, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. პორტალი უკვე განთავსებულია მისამართზე elections2021.ge"- ამბობს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ბათუმშია.

"დილა მშვიდობისა, საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ". – წერს სააკაშვილი მის პირად გვერდზე.