Foto

გიგი უგულავა - ამდენი ძალადობის ფონზე „ოცნება“ კარგავს კონტროლს, ეს ბრძოლა ოლიგარქიის მარცხით დასრულდება

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გახდება თუ არა ფოთის მერი, აპირებს დარჩეს და იბრძოლოს ქალაქისთვის. 

გიგი უგულავა Facebook-ზე წერს, რომ "ქართული ოცნება" ძალადობის მიუხედავად, ქვეყნის დიდ ქალაქებზე კონტროლს კარგავს, ხოლო, გამარჯვებისთვის ბრძოლა ახლა იწყება.

"ამ ერთი თვის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა ჩემში. ბევრ რამეს ახლებურად შევხედე. არც ჩემი აღფთოვანებაა ადვილი, არც გაოცება და არც გაბრაზება, მაგრამ ყველაზე ძნელი და ჩემთვის აქამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ რაიმე ძალიან შემიყვარდებოდა. განვლილმა წლებმა და ციხეებმა მეგონა რომ ეს გრძნობა საბოლოოდ დამაკარგვინა, მაგრამ ფოთმა ეს მოახერხა. შემიყვარდა ძალიან აქაურობა. კი ბატონო, ალბათ, აქაური არ გავხდი და ამას დრო სჭირდება-სიყვარული დროში უნდა გამოიბრძმიდოს-მაგრამ რასაც ახლა ვგრძნობ არის მარტივად გამოსათქმელი: მე სრული ჩემი შეგნებით ვაპირებ ფოთისა და ფოთელებისთვის ბრძოლას, დამოუკიდებლად იმისა გავხდები თუ არა მერი. ვიყო ფოთის მერი ეს უბრალოდ უკეთესი შესაძლებლობაა სწრაფად და ეფექტურად დავძრათ პრობლემები მკვდარი წერტილიდან - პორტი შემოვაბრუნოთ ქალაქისკენ, ხოლო ქალაქი ზღვისკენ. დავაბრუნოთ აქ ხალხი, გავაცოცხლოთ ქალაქი, შევქმნათ რეალური სამუშაო და საარსებო პირობები. ჩათვალეთ რომ ფოთი ჩემი იდეა ფიქსია და ამიტომ არ მოგასვენებთ, არ მოგეშვებით სანამ ცვლილებებს, გაუმჯობესებას არ იგრძნობს თითოეული ფოთელი

მადლობა მათ ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს რომ ოცნების ხელისუფლება მათ რამე სიკეთეს მოუტანს. მართალია თქვენ სცდებით, მაგრამ მე მესმის თქვენი. ცვლილებებს თან ახლავს შიში. შიში სამსახურის დაკარგვის, მარტო დარჩენის. არაა ადვილი ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა. ასევე, მესმის რომ ჩვენ განსხვავებულად აღვიქვათ ცხოვრებას. მე არ მაქვს ილუზია რომ ერთმანეთს სრულად გავუგებთ. ასეთი რამ არსად ხდება, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს აუცილებლდ პატივი უნდა ვცეთ. სულ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ერთმანეთის განადგურებით მიზანს ვერასდროს მივაღწევთ. არადა დრო გადის და ქალაქი უკან მიდის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, იძირება.

დიახ, მეგობრებო, ახლა იწყება ამ რეფერენდუმის მეორე და გარდამტეხი ეტაპი. თქვენ ნახეთ, რომ ამდენი ფალსიფიკაციის და ძალადობის ფონზე ოცნება კარგავს კონტროლს ქვეყნის დიდ ქალაქებზე, ხოლო სამეგრელოში მთლიანად გაბანკროტებულია. ეს პროცესი შეუქცევადია, ეს ბრძოლა ხალხის გამარჯვებით და ოლიგარქიის მარცხით დასრულდება. მე ვრჩები ფოთში, როგორც მერობის კანდიდატი, როგორც რეფერენდუმის ლიდერი და აწი უკვე როგორც რიგითი ფოთელი"- წერს უგულავა.