Foto

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა “ალმას” ინიციატივას სიძულვილის შემცველი ბანერების განთავსების შეზღუდვაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომპანია “ალმას”  საკანონმდებლო წინადადებას, რომლის თანახმად სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსება უნდა შეიზღუდოს.

კომიტეტის სხდომას “ქართული ოცნების” წევრები და “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი ესწრებოდა.

"ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია. საკანონმდებლო წინადადება არ არის კანონპროექტის სახით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შეგვზღუდავდა მსჯელობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავიღოთ იდეა, კონცეფცია და შინაარსი, რაც არის ჩადებული ამ წინადადებაში და ის ვაქციოთ საფუძვლად ამ საკითხზე მსჯელობისას. აღნიშნული საკითხი მხოლოდ  წინასაარჩევნო პროცესის დროს დარეგულირდება, თუ  წინასაარჩევნო პროცესის მიღმაც,  ეს მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება“. - თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ლევან იოსელინის თქმით, კანონპროექტს "იდეის" დონეზე მხარს უჭერს, თუმცა თვლის, რომ კანონპროექტი ფართო ჩართულობით უნდა მომზადდეს.

“რა საკანონმდებლო ჩარჩო უნდა მოიძებნოს ამისთვის, რომ მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლება არ დავაზიანოთ და ვინმეს განცდა არ გაუჩნდეს, რომ ეს კანონი მისი გამოხატვის თავისუფლებაში იჭრება, მე ვფიქრობ, ამას სჭირდება თქვენი და დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლებთან უფრო ფართომასშტაბიანი კონსულტაციების დაწყება, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს არ ესწრებიან. ამიტომ იდეის დონეზე მხარს ვუჭერ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.