ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიანე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი საპატიმროში ყოფნა ნათელი მაგალითია, რომ ეს არ არის დემოკრატიული სიტუაცია.
როგორც მან „ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, ეს არა პრემიერ–მინისტრის, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტია.
„ნათელია, რომ ეს არ არის ძალიან დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ასეთი ტიპის ბრალდებებიც [რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული], ხშირად არ გვესმის ხოლმე. ალბათ, ნებისმიერი პრეზიდენტის „დადანაშაულება“ შეიძლება იმაში, რომ სტუმრებისთვის ლანჩისა და სადილისთვის გარკვეული თანხა დახარჯა. როგორც ვხვდები, ბრალდებამ ესეც დაითვალა.
რა თქმა უნდა, სხვაგანაც ხდება, წინა მთავრობის წარმომადგენლებისთვის ბრალის წაყენება. მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოში რევანშიზმის და ყოფილი მეტოქეებისადმი ასეთი ბრალდებების წაყენების ტრადიციაა და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის ევროპაში. სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნის რეფორმირებისთვის და პრემიერ ღარიბაშვილისგან იმის მოსმენა, რომ ვარდების რევოლუცია ცუდი ყოფილა, ჩემთვის ნამდვილად შოკი იყო. გავოცდი, როდესაც მოვისმინე, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია, არასწორი ნაბიჯი, ან რამე მსგავსი იყო", – განაცხადა რასა იუნკევიჩიანემ.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშილის განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აჩენს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურია, თუმცა ეს ეჭვები, მისივე თქმით, მანამდეც არსებობდა.
„კმაყოფილი არ ვიყავი [სააკაშვილის გადაწყვეტილებით], მაგრამ ესაა ის მოცემულობა რაც გვაქვს. მეორეს მხრივ, გაცილებით უარესია ის, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილი სხვაგვარად უნდა მოიქცეს, თორემ ბრალი დაემატება. ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ საქმე უკვე პოლიტიკურია. აქამდეც გვქონდა ეჭვები და ახლა, პრემიერის საქციელი, ნამდვილად არ შეესაბამება ევროპასთან ასოცირებული ქვეყნის საქციელს. როდესაც პრემიერი ასე საუბრობს, ამაში არაფერი ევროპული არ არის. თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის. ასე რომ ეს პრობლემური საკითხია და კითხვას აჩენს ქართული სასამართლოსადმი - არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე კი ფიქრიც კი წარმოუდგენელია ევროპული ოჯახის წევრობაზე", – დასძინა მან.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press