Foto

მიხეილ სააკაშვილი - რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ არ გამოუვათ

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც გამართული აქციისათვის მხარდაჭერებს მადლობას უხდის. მისი თქმით, რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ ციხიდან არ განთავისუფლდეს, ამიტომაც ყოველდღიური აქციებია საჭირო. 

"მეგობრებო, ​თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით, თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რა თქმა უნდა რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები. სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები. ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და  გარეთ რომ ვიქნები, სასწაულებს მოვახდენთ ერთად, ზუსტად ვიცი. ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებზე გამარჯვებისთვის."

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებსაც მიმართა, რომ ერთი კვირით დაბრუნდნენ საქართველოში. მისი თქმით,  დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტია საჭირო გამარჯვების მოსაპოვებლად. 

გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები. ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. ასევე, მინდა მივმართო, ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის, 1 კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია, გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი. ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად."