Foto

DRI - არჩევნების დანიშვნის დღიდან ინტენსიური გახდა მართველი პარტიის ვიზიტი ტაძრებსა და სამლოცველოებში

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ასახულია 2021 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მომხდარი ფაქტები და განვითარებული მოვლენები.

ანგარიშის თანახმად, სინოდის 2012 წლის განჩინების მიუხედავად,რომელიც კატეგორიულად კრძალავს  წინასაარჩევნო პერიოდში ღვთისმსახურთა მონაწილეობას რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში, მღვდელმთავრები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრადიციულად აქტიურობდნენ.

"საანგარიშო პერიოდში ღვთისმსახურები რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ყველა საარჩევნო ღონისძიებას დაესწრნენ და არაერთი განცხადება გააკეთეს საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის დღიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა მმართველი პარტიის წევრების ვიზიტები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებსა  და სამლოცველოებში. არჩევნების დანიშვნის დღიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა თანაპარტიელებთან ერთად ძირითადად ის ეკლესია-მონასტრები მოინახულა, რომელთა მშენებლობა-რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. პრემიერ-მინისტრის მიერ ეკლესია-მონასტრების „მოლოცვა“ ახალი ტენდენციაა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის პროცესში არ დაფიქსირებულა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან ღვთისმსახურების შეცვლილი და ხისტი რიტორიკა გამოარჩევდა. თუ საპარლამენტო არჩევნების დროს, სასულიერო პირები მიუთითებდნენ, რომ საუბრობდნენ, როგორც სამოქალაქო პირები,  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღემდე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუფარავად განაცხადა, რომ შეუძლიათ პირდაპირ მოუწოდონ მრევლს, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე. 

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობდნენ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, დეკანოზი ელიოზ ჯინჭარაძე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. 

ძირითადი შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი პოლიტიკური ძალა და საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მაღალი რანგის სასულიერო პირებითაა წარმოდგენილი, მჭიდროდ თანამშრომლობენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე." - წერია ანგარიშში.