Foto

ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო სუსტდება

პენიტენციურმა სამსახურმა საშუალება უნდა მოგვცეს, რომ საკანში მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა, ბექა ბასიალიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე სუსტდება და უახლოეს დღეებში შედგება კონსილიუმი, რათა ექიმების გუნდმა მოინახულონ. 

„დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მეთვრამეტე დღეა. ყველას კარგად გვესმის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო სუსტდება. ამავდროულად, გადამწყვეტი ბრძოლის დრო ახლოვდება, საიმისოდ, რომ საქართველო ოლიგარქიული მარწუხებისგან გათავისუფლდეს და ქართველმა ხალხმა თქვას თავისი ხმამაღალი სიტყვა. ნამდვილად არ შეიძლება მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური მოტივაციით იმყოფებოდეს საპყრობილეში და ქართულმა საზოგადოებამ დაუშვას ის შეცდომა, რაც 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით დაგვემართა.

იმედია, უახლოეს დღეებში შედგება კონსილიუმი და ექიმების გუნდი მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს. როგორც კი ექიმებისგან მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციას, ვიმოქმედებთ ამ რეკომენდაციის შესაბამისად. თუ ამის საჭიროება იქნება, პენიტენციურმა სამსახურმა საშუალება უნდა მოგვცეს, რომ საკანში მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი, რათა დამატებითი სტრესი და დატვირთვა არ იყოს მისი ჯანმრთელობისთვის. იმ ვითარებაში, როდესაც მისი ფიზიკური შესაძლებობები კიდევ უფრო დამძიმდება, პენიტენციური სამსახური არ უნდა გაჯიქდეს და ფორმალურ ნაწილზე არ უნდა გამართონ მსჯელობა“, - ამბობს ბასილაია.