Foto

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი ხელისუფლებას – გაასაჯაროვეთ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი

 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჯგუფი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს ქვეყნის ექს–პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი განაჩენი.

„2021 წლის 15 ოქტომბერს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გადმოცემის მოთხოვნით, რომლის მოწოდებაზეც 18 ოქტომბრის წერილით პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით გვეთქვა უარი.

სასამართლოს ასეთი პრაქტიკა გამონაკლისი არ არის, სასამართლოები სისტემატურად აცხადებენ უარს კონკრეტული პირების მიმართ გამოტანილი განაჩენების გასაჯაროებაზე, მათ შორის ისეთ საქმეებზე რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უარი არის როგორც უკანონო, ასევე დაუსაბუთებელი. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით, სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.

მიგვაჩნია, რომ იურიდიულ პროფესიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული უფლება იცოდეს, თუ რისთვის იქნა მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის განაჩენები.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით", – ვკითხულობთ განცხადებაში.