Foto

კარლ ჰარცელი - ევროკავშირის მიდგომაა, რომ სააკაშვილის საკითხი განიხილებოდეს კანონის უზენაესობის ფარგლებში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გავრცელებულ ღია წერილს ეხმაურება, რომელშიც ევროპარლამენტარები საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.

კარლ ჰარცელის თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში.

„ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისევე, როგორც საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის მიდგომაა, რომ ეს უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ. ასევე მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი, ვინც არის ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ძირითადი ინსტიტუცია. მთავარია ის, რომ ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული, სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, კანონის უზენაესობის შესაბამისად.

ის კომენტარები, რასაც ინდივიდუალური ევროპარლამენტარები აკეთებენ, ეს არის მათი გადაწყვეტილება და მათზეა დამოკიდებული, მე არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირება. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, ეს არის ის უმაღლესი სტანდარტები, რაც უნდა იყოს დაცული, ეს არის პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს“, - ამბობს ჰარცელი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა ერთობლივი ღია წერილ გაავრცელეს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს სთხოვენ განიხილონ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის კანონიერება და უზრუნველყონ საქართველოში დღევანდელი პოლიტიკური კრიზისისგან გათავისუფლება. 

გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განაცხადა, რომ „ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას“. მისი თქმით, კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება.