Foto

ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ აკეთებს ყველაფერს, რომ საბოტაჟი განახორციელონ

თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ნაცმოძრაობა თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს, ამ მიდგომით დაზარალდება მოსახლეობა- განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბაღდათში მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს საბოტაჟისთვის.

„ჩვენ გვახსოვს კონკრეტული მაგალითები 2012-14 წლებში, როგორ იყენებდა მერის პოზიციებს, გამგებლის მაშინდელ პოზიციებს „ნაციონალური მოძრაობა" საბოტაჟისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებს აზიანებდა. „საუკეთესო" მაგალითი იყო გიგი უგულავა, რომელიც არც ინფრასტრუქტურას უვლიდა, არაფერს აღარ აკეთებდა ქალაქში და მთელი თანხები, რაც განკუთვნილი იყო თბილისისთვის, პრაქტიკულად მიმართა საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს ნაცმოძრაობა, ამ მიდგომით დაზარალდება მოსახლეობა. ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ საბოტაჟი. ისინი მუდმივად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საბოტაჟი განახორციელონ, ამის არავითარი შანსი აღარ აქვთ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიგეთ როგორც თვითმმართველობის არჩევნები, ისე ე.წ. რეფერენდუმი. ამის საშუალება მცირედი დოზითაც კი არ უნდა მივცეთ მათ არც ადგილობრივ დონეზე" - ამბობს კობახიძე.