Foto

„ქართული ოცნება“ 27 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს

„ქართული ოცნება“ 27 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.

როგორც ირაკლი  კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აქცია 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

"27 ოქტომბერს, 17 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის.

ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე." -  განაცხადა კობახიძემ.