Foto

ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით იმედგაცრუებულია

კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმედგაცრუება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ რუსეთსა და ჩინეთს არ განუცხადებიათ ვალდებულებები კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების კუთხით. არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე თვითონ ვარ იმედგაცრუებული,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა სამიტზე იმ პროგრესზეც ისაუბრა, რასაც რომში გამართულ სამიტზე მიაღწიეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე თვითონ ვარ იმედგაცრუებული. მაგრამ ჩვენ მივიღეთ მთელი რიგი დებულებები ნახშირის სუბსიდიების დასასრულებლად. ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ფოკუსირება იმაზე, თუ რას არ აკეთებს ჩინეთი, რას არ აკეთებს რუსეთი, რას არ აკეთებს საუდის არაბეთი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ დიდი ოცეულის სამიტზე სხვა ქვეყნების ლიდერებთან პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდა. ბაიდენის თქმით, გლობალური კორპორატიული გადასახადის დაწესება ყველა ქვეყნისთვის წარმოუდგენელი გამარჯვებაა.