Foto

გამყრელიძე - მარტიდან სექტემბრის ბოლომდე COVID 19-ით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან, მარტიდან, სექტემბრის ბოლომდე, კორონავირუსის დიაგნოზით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან კი აუცრელი იყო – 98.9%. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"15 მარტიდან, ანუ, რაც ქვეყანაში დაიწყო აცრები, 30 სექტემბრის პერიოდში, სამწუხაროდ, კოვიდით 5 469 ადამიანი. ამ შემთხვევაში, არავაქცინირებული იყო – 98.9%. 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლიდან ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს დაცვა გახლავთ 97.8%. ესაა საერთო ციფრები იმ 4 ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში ადმინისტრირდებოდა". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კორონავირუსის 49 619 აქტიური შემთხვევაა.

დღიური დადებითობა 10.71%-ია, ბოლო 7 დღის - 9.77%, ბოლო 14 დღის კი - 9.34%.  

4 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 738 171 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 10 238 ადამიანი გარდაიცვალა, 678 288 კი გამოჯანმრთელდა.