Foto

ნიკა გვარამია - საპატრიარქოც და სასამართლოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ანტიჰუმანურობა ჰქვია

დღეს რაც ჩვენ მოვისმინეთ არის ტყუილი. ორმა ინსტიტუციამ დღეს გვითხრა უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა. 

გვარამიას თქმით, საპატრიარქოს კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე, თუმცა როცა საქმე საქართველს ექსპრეზიდენს ეხება, ტყუის და უბრალოდ უარს ამბობს სააკაშვილის საქმის განხილვაზე.

„მე იუსტიციის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. არ ვიცი ამჟამად საქართველოს საპატრიარქო ტყუილს განიხილავს თუ არა, როგორც ცოდვას, მაგრამ მე ტყუილს განვიხილავ როგორც ფაქტს. ამიტომ შემიძლია ვუპასუხო, რომ საქართველოს საპატრიარქო წლების განმავლობაში, მათ შორის, ამ ხელისუფლების განმავლობაშიც, ყოველგვარი მიმართვების და განსჯების, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე. ბევრია ასეთი და ყველას ამოვიღებ. შეგახსენებთ ირაკლი ბათიაშვილის ამბავს, რომელსაც არც არავისთვის უთხოვია არაფერი, არ დაუწერია არანაირ შეწყალებაზე თანხმობა, ბრალი არ უღიარებია, საპატრიარქოს არაფერი განუხილავს ისე შეიტანა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან განცხადება. შეგახსენებთ, რომ ის სასჯელს სამშობლოს ღალატისთვის იხდიდა. საპატრიარქომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და პირადად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.

დღეს რაც ჩვენ მოვისმინეთ არის ტყუილი. ორმა ინსტიტუციამ დღეს გვითხრა უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთი არის საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთო და მეორე არის სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების ღონისძიების გამოცემაზე განცხადება და ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან. სულ რომ მართლა ხარვეზი ყოფილიყო ამ განცხადებაში, სამი სიტყვა წერებოდა ერთ გვერდზე - „მიხეილ სააკაშვილი კვდება, გთხოვთ გასცეთ განკარგულება გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში“, ეს რომ დაგვეწერა, სასამართლოს ეს უნდა გაეკეთებინა? მისდია ფორმალიზმს და გამოაბრუნა ხარვეზით ჩვენი განცხადება, როცა ადამიანისთვის ყოველი საათი მნიშვნელოვანია. ერთიც და მეორეც - საპატრიარქოც და სასამართლოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ანტიჰუმანურობა ჰქვია. წერტილი“, - განაცხადა გვარამიამ.