Foto

ელენე ხოშტარია - თუ ჩემს სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე, გარკვეულ მედიკამენტებს მივიღებ

დღეს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების რისკები არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას,- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც უკვე მე-7 დღეა, რაც პარლამენტის შენობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

ხოშტარიას თქმით, გარკვეულ მედიკამენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ნდობით აღჭურვილი ექიმი ეტყვის, რომ სიკვდილის ზღვარზეა. 

"მე ვთქვი, რომ ვიშიმშილებ, სანამ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისრისკები არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას. ვაგრძელებ შიმშილობას.

თუმცა, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს ზღვარი არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ დანებებას, მე არ ვაპირებ არც სიკვდილს, მე არ ვაპირებ არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს შეიძლება საქართელოს ყველა მოქალაქეს არ ესმის რომ ეს გამარჯვება მათაც სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ თუ ამ ბრძოლაში არ ჩავდეთ სრული ენერგია, ყველანი ვართ უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ. მე ამას არ დავუშვებ და ბოლომდე ვიბრძოლებ!" - ამბობს ელენე ხოშტარია. 

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტის შენობაში 7 დღის წინ დაიწყო. მისი თქმით, შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.