ვინ და რატომ შეუშალა ხელი გალის რეგიონის მცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას არჩევნების პერიოდში. - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" განცხადებას ავრცელებს.
DRI-ის განცხადებით, გალის რეგიონის მაცხოვრებლებს ეთნიკური კუთვნილება არასანდო მოქალაქეებად აქცევს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის, ხოლო „არასასურველი“ პოლიტიკური აქტიურობა - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის.
ამასთან მათივე ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობა იყო ენგურის ორივე მხარეს და დაძაბულობა განსაკუთრებით საგანგაშო არჩევნების მეორე ტურის დროს გახდა.
„გალის რეგიონის მცხოვრებლებმა, რომლებსაც ყოველდღიური საქმიანობა ან პერიოდული აუცილებლობა აქვთ ზუგდიდში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ენგურის გამშვები პუნქტი აფხაზურ მხარეს ჩაკეტილი ჰქონდა. დე ფაქტო მთავრობა კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებული ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა, თუმცა, ბევრი გალელი თვლის, რომ „დროებითი“ ზომა არჩევნებს უკავშირდებოდა. ამ მოსაზრებას აძლიერებს ისიც, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით სიტუაცია არ დასტაბილურებულა, თუმცა ენგურის გამშვები პუნქტი 1 ნოემბრიდან ოფიციალურად გაიხსნა.“ - ნათქვამია განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები კერძო საუბრებში ამბობდნენ, რომ „საზღვრის“ ჩაკეტვის გადაწყვეტილება თბილისის თხოვნით მიიღეს.
„გალში ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების გარკვეულ წრეებში, გალელების პოლიტიკური აქტივობა საფრთხედ იქნა აღქმული ზუგდიდში ოპოზიციური ძალების შესაძლო უპირატესობის მოპოვების შიშით. შესაძლოა, სწორედ ამის გამო გაჩნდა მოსაზრება, დაკეტილი „საზღვრით“ შეეშალათ ხელი სავარაუდოდ, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებისთვის. ამ მოსაზრებას აძლიერებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები გალის რეგიონის მაცხოვრებლებს საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემას სთხოვდნენ. თუმცა, იმ პირების უმეტესობამ, ვისაც მსგავსი თხოვნით მიმართეს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემაზე უარი თქვა.“ - წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტიუტის ინფორმაციაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press