Foto

მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის სახელით აგრძელებს არეულობის შექმნას და სახელმწიფოზე თავდასხმას

პროტესტის სახელით აგრძელებენ არეულობის შექმნის, ინსტიტუტების დიკრედიტაციის მცდელობებს და სახელმწიფოზე თავდასხმებს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უწყვეტ საპროტესტო აქციებს. 

მისი თქმით,  "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტნიორი ჯგუფები აქციებზე ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ იმ პოლიციელებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. 

"სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტნიორი ჯგუფები, ყოველგვარ სამართლებრივ და პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებული მოთხოვნების საფუძველზე, პროტესტის სახელით აგრძელებენ არეულობის შექმნის, ინსტიტუტების დიკრედიტაციის მცდელობებს და სახელმწიფოზე თავდასხმებს.

ამჯერად, როგორც საზოგადოება საკუთარი თვალით ბოლო დღეების განმავლობაში ხედავს, ოპოზიცია ყველაზე ამაზრზენ მეთოდებზე აგებს დისკრედიტაციის კამპანიას და ცდილობს, საკუთარ მიზნებს ჩვენი სამართალდამცავების - იმ ადამიანების ლანძღვისა და შეურაცხყოფის მიყენების მცდელობების საფუძველზე მიაღწიოს, რომლებიც მზად არიან, ქვეყნისა და საზოგადოების დაცულობა ნებისმიერ დროს უზრუნველყონ.

მეორე მხრივ, ნამდვილად პოლიტიკური თავხედობის პიკია, როდესაც ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოქალაქეების ჩაგვრის და ქართველი პოლიციელის მუნდირის ფეხქვეშ გათელვის მეტს არაფერს აკეთებდნენ, დღეს ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ იმ პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, თავისუფლებას, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მზად არიან, საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი დადონ სასწორზე სახელმწიფოს სამსახურისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის.

დღეს, ქართული პოლიცია დგას სახელმწიფოს სამსახურში, ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებისა და ამ ქვეყნის სტუმრების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა, მოახერხეს და შეძლეს წინა რეჟიმის პირობებში, პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებული უნდობლობის და შიშის ნაცვლად, დღეს ხალხის ნდობა და პატივისცემა მოეპოვებინათ. სწორედ ამიტომ, რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა, ქართველი ხალხის თვალში სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ."- აცხადებს მდინარაძე.