Foto

ბექა ბასილაია - იმედს ვიტოვებ, რომ კონსილიუმის დასკვნის შემდეგ, გონს მოეგებიან და იმოქმედებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. 

მისი თქმით, დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ  სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი მულტიპროფილურ კლინიკაში და აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს. 

"კონსილიუმი, რომელიც შეიკრიბა, არის მაღალი კომპეტენციის და ძალიან მაღალი რეპუტაციის ექიმებისგან დაკომპლექტებული. შესაბამისად, მათი დასკვნა არა მხოლოდ ყურადსაღებია, არამედ სავალდებულოდ უნდა იქნას გათვალისწინებული. ამ დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის არის საფრთხის შემცველი.

ეს დასკვნები სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მოეგებიან გონს და იმოქმედებენ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ინტერესებით, არ გაჰყვებიან იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც ღარიბაშვილს ჰქონდა დაანონსებული, სრულიად არაჰუმანური, რომ უნდა გარდაიცვალოს თურმე", - თქვა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს.