Foto

რასა იუკნევიჩიანე - გვიხარია, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაყვანის შესახებ

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მისი მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას მიესალმებიან.

დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ახლა არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ექნება, პროცესები კანონის უზენაესობის დაცვით წარიმართება და სიტუაცია დამშვიდდება.

„ყველა, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს მიესალმება მოვლენების ასეთ განვითარებას. ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოვუწოდეთ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გვიხარია, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი გადაყვანის შესახებ და იმედი გვაქვს, რეაბილიტაციის პროცესის მართვა საჭიროებისამებრ მოხდება. ყველა მივესალმებით სათანადო სამედიცინო სერვისების გაწევას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნა ამ 50 დღის განმავლობაში სულ იყო ჩვენს დღის წესრიგში. მე როგორც ექიმი, ვუსურვებ სწრაფად გამოკეთებას და პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობაა. ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია და ამ ინტერესსა და ქვეყნის მიმართ ყურადღებაში ჩვენ ერთიანები ვართ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ევროპელებად მიიჩნევს თავს, ჩვენ ამას დიდ პატივს ვცემთ. საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის და სიძულვილის ენის შემცირება, რაც, როგორც აქედან ვხედავთ, ქართული პოლიტიკის ბრენდად იქცა. ნაკლებად უნდა იფიქრონ პოლიტიკოსების პერსონებზე, არამედ ყველანი უნდა დასხდნენ ერთი მაგიდის გარშემო და იმსჯელონ ქვეყნის მომავალზე. პოლიტიკური დაპირისპირება ყველგანაა, მაგრამ დიალოგი აუცილებელია და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ეს არის მომავალი. საქართველოში არეულობა პუტინის ინტერესებშია და მე არ მინდა, რომ პუტინი ბედნიერი იყოს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და 50 დღის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა. გვიან ღამით კი  გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს.