Foto

სააკაშვილი გლდანის ციხეში ეტაპირებაზე - ძალით გადმომათრიეს მანქანიდან, როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა, ძალიან ბევრი მირტყეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მის გლდანის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტზე ისუაბრა. 

ექსპრეზიდენტის განცხადებით, თავდაპირველად მოატყუეს და განუცხადეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ. ხოლო, როცა გლდანის დაწესებულებაში მივიდნენ, პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რადგან როგორც კი შევიდა, მისი სახელის ძახილი დაიწყეს. 

"ჩვეულებრივად მატყუებდნენ. შემოდის ციხის საკანში ციხის უფროსი და მეუბნება, დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა. თქვენ გადაჰყავხართ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. მე ვუთხარი, მითხარით, სად არის ეს კლინიკა? მან მითხრა - “თბილისში, ნუ ნერვიულობთ, კარგი კლინიკაა”. მე ვუთხარი, უნდა ვიცოდე ზუსტად, რა კლინიკაა. მან მითხრა, რომ ის არის ზუსტად, რაც თქვენ გინდოდათ.

ჩავჯექი სასწრაფო დახმარების მანქანაში. მიმიყვანეს, როგორც ცნობილია, გლდანის დაწესებულებაში, სადაც პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მე მივდიოდი, რადგან არ იყო სასწრაფო დახმარების კარი გაღებული, როგორც კი შევიდა, ატყდა ჩემი სახელის ძახება ეგრევე.

არავინ არ იცოდა, რომ იქ მივდიოდი, ყველას ეგონა, რომ გორის ჰოსპიტალში მივდიოდი. ამათ რატომღაც იცოდნენ.

შემდეგ გაიღო კარი. მე ვუთხარი, რომ არავის არ აქვს ნებართვა, ჩემი ნებართვის გადაყვანის გარეშე გადამიყვანოს სამედიცინო დაწესებულებაში. მათი პასუხი იყო, რომ არა, მაინც გადმოგიყვანთ, მათ შორის ძალიან უხეში პროვოკაციებით. ამ დროს ისმის  დედის გინება, ლანძღვა. როცა მე ვუთხარი, რომ არ გადმოვალ მანქანიდან, მიმაჩნია ეს უკანონობად, ვითხოვ უკან - მეთორმეტე დაწესებულებაში დაბრუნებას, იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაციით გლდანის დაწესებულება არ აკმაყოფილებდა არც ერთ მოთხოვნას, გარდა იმისა, რომ იქ იყო კრიმინალები და კრიმინალებს შეეძლოთ მორალური ტერორი. ძალით გადმომათრიეს მანქანიდან. როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა, ძალიან ბევრი მირტყეს  ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობა და კისერში ჩარჭობა. გამხადეს ფეხსაცმელები, გამაძვრეს ზედატანსაცმელი და ნაწილი შემომახიეს. ასე შიშველი ამიყვანეს, ცემა-ტყეპით და გინებით."- განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ექსპრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება მისცეს.