Foto

პაატა იმნაძე „ომიკრონის“ შტამზე: შემოაღწევს ბოლო-ბოლო ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ შტამი საქართველოშიც შემოვა. ამის შესახებ NCDC-ის დირექტორის მოადგილემ ტელეკომპანია „პალიტრას“ ეთერში ისაუბრა.

როგორც პაატა იმნაძემ განმარტტა, საქართველო „მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა“, ამიტომაც ახალ შტამს გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა, მისივე ვარაუდით, ეს შეიძლება ერთი თვე არ მოხდეს.

„დაახლოებით ხომ ვიცით, როდის მოაღწია კორონავირუსმა პირველად ჩინეთიდან, ალფა შტამმა ბრიტანეთიდან, როდის მოაღწია დელტამ... დედამიწაზე სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველა დროებითი ზომა ყველამ მიიღო, საქართველომაც მათ შორის, რათა მაქსიმალურად გადავწიოთ პერიოდი ქვეყანაში, როდესაც ვირუსი შემოაღწევს...

ჯერჯერობით მაინც ვიცით, რომ აცრა ამაზეც მუშაობს - რაც აფრიკიდან გვაქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შემოაღწევს ბოლო-ბოლო ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და დღეში რამდენიმე რეისი აფრიკასთან ნამდვილად არ გვაქვს, როგორც იმ ევროპის ქვეყნებს, სადაც ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან. ვნახოთ, მე მგონი, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად, რასთან გვექნება საქმე“- ამბობს პაატა იმნაძე.

ცნობისთვის, კორონავისურის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. ვირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და მძიმედ მუტაციურია.