Foto

დამოუკიდებელი იურისტები მოუწოდებენ პარლამენტს, უზნეაესის მოსამართლეთა ვაკანსიებზე წარმოდგენილ სიას მხარი არ დაუჭიროს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პარლამენტს მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიებზე წარმოდგენილ სიას მხარი არ დაუჭიროს. - ამის შესახებ განცხადებას ხელს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრები აწერენ.

იურისტები მიიჩნევენ რომ, წარმოდგენილი კანდიდატები ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავენ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2021 წლის 4 ნოემბრის განცხადებაში, რომლითაც ადმინისტრაციული კომიტეტი დაუპირისპირდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს და მათ ვენის კონვენციის სათანადო ნორმები შეახსენა.  

მათივე თქმით, წარმოდგენილი კანდიდატები შეარჩია ლეგიტიმაციის სათანადო ხარისხის არმქონე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომელშიც არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული 5 წევრი.  

"დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემას მართავს მოსამართლეთა ჯგუფი - კლანი, რომელიც მრავალი წელია ფეხქვეშ თელავს სამოსამართლო ღირებულებებს, ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში, ასრულებს პოლიტიკურ შეკვეთებს, აწინაურებს ერთგულ კადრებს და სისტემიდან აძევებს ურჩ მოსამართლეებს, ნერგავს დუმილის პოლიტიკას. ქართული ოცნებასადა კლანს შორის შემდგარი გარიგების მიზანია შეიქმნას გარეგნულად დამოუკიდებელი მაგრამ შინაგანად სრულად კონტროლირებადი სისტემა. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ კლანური მმართველობის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ სისტემის სრული მხილების და პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასების შემდეგ.  

შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებთ არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ კანდიდატებს." - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე 4 კანდიდატი - გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძედა თეა ძიმისტარაშვილი წარუდგინა.  პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გასაუბრებები გაიმართა 25-26 ნოემბერს.  გასაუბრების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს სახალხო დამცველმა, საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა - ევროკავშირმა დაამერიკის შეერთებულმა შტატებმა.