Foto

აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესა

აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და კანადა ბელარუსს სანქციებს უწესებს. ახალი ზომები უკავშირდება პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობას, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში და ევროკავშირის საზღვარზე არალეგალური მიგრაციის „ორკესტრირებაში“ დაადანაშაულეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ხუთშაბათს, ჩრდილოეთ ამერიკის ორმა ქვეყანამ, ბრიტანეთმა და ევროპულმა ბლოკმა ერთობლივ განცხადებაში გამოაცხადეს და განაცხადეს, რომ ისინი მიზნად ისახავდნენ "გარკვეულ ფიზიკურ პირებს და სუბიექტებს".

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო ხაზინის განცხადებით, მათ სანქციები დაუწესეს სამ თვითმფრინავსა და 32 პიროვნებასა და ორგანიზაციას, სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ბიზნესის, მთავრობის წარმომადგენლებისა და იმ სხვა პირების ჩათვლით, ვინც "მხარს უჭერს რეჟიმის და აწყობს რეპრესიებს". ფიზიკურ პირებს შორის, რომელთაც შეზღუდვები შეეხოთ, არიან ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილი დმიტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დმიტრი კორზუკი და ბელარუსი დეპუტატი დმიტრი ბასკოვი. გარდა ამისა, აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს სანქციები შეეხო ბელარუსის სახელმწიფო ვალს. შეერთებული შტატების მოქალაქეებს ეკრძალებათ რაიმე ოპერაციის ჩატარება ბელარუსულ სახელმწიფო ობლიგაციებთან, რომელიც ამა წლის 2 დეკემბრის შემდეგაა გამოშვებული და დაფარვის ვადა 90 დღეზე მეტი აქვს.

პარალელურად, ევროკავშირმა საკუთარ ტერიტორიაზე მოგზაურობის შეზღუდვა და ანგარიშების გაყინვა დაუწესა დამატებით 17 ადამიანს, მესაზღვრე და სამხედრო მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და მთავრობის წარმომადგენლების ჩათვლით და 11 ორგანიზაციას, რომელთა შორის არის ავიაკომპანია ბელავია. ეს უკვე სანქციების მეხუთე პაკეტია, რომელიც ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მოამზადა.

ასევე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 8 პირს, რეპრესიებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. ასევე სააქციო საზოგადოება Беларуськалий-ის, მსოფლიოში პოტაშის მწარმოებელ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას, ანგარიშები გაუყინეს. პოტაში არის სასუქი, რომელიც ბელარუსის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელი და შემოსავლის წყაროა. 

ცნობისთვის, გასულ თვეებში დაძაბული ვითარება იყო პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე, სადაც ახლოაღმოსავლელი მიგრანტები იყვნენ შეკრებილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. 

ევროკავშირში მიგრანტების კრიზისს ბელარუსის მიერ ხელოვნურად შექმნილს და მინსკისა და მოსკოვის ჰიბრიდული ომის ნაწილს უწოდებნენ. რუსეთი უარყოფს ამ პროცესებში ჩართულობას. 

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო წინა კვირებში ევროკავშირს დაემუქრა, რომ სანქციების შემთხვევაში რუსეთიდან მომავალ და საკუთარ ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენ მილს გადაკეტავდა. შემდეგში, რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თუ პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს ჩაკეტავს, ის მზადაა ბუნებრივი აირის მიწოდება შეაჩეროს.

რამდენიმე კვირის წინ გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი, ანგელა მერკელი და ალექსანდრ ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით მინსკი მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გამართავდა. 

მიგრანტები ბელარუსმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთის საზღვრის მიმდებარე ზონიდან ოდნავ მოშორებით გაიყვანა, თუმცა შემდეგ, ვარშავამ მინსკს ბრალად დადო, რომ ლტოლვილებს კვლავ საზღვართან კრებდნენ.