აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ ვიდეოშეხვედრა გამართეს, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაცია დეტალებთან დაკავშირებით ჯერ თეთრი სახლის, შემდეგ კი, კრემლის ადმინისტრაციამ გაავრცელეს.
თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და მკაფიოდ თქვა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და ჩვენი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიური გზების დაბრუნებისკენ მოუწოდა. ორმა პრეზიდენტმა გუნდებს დაავალეს, თვალყური ადევნონ მდგომარეობას და აშშ ამას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გააკეთებს. პრეზიდენტებმა განიხილეს აშშ-რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, ასევე ერთობლივი მუშაობა რეგიონულ საკითხებზე, როგორიც ირანია". – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
რაც შეეხება კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებას, აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული უსაფრთხოების იურიდიულად დაფიქსირებული საიმედო გარანტიების მიღებით. რაც NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საუბრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს და უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად სახიფათო მცდელობებს ახორციელებს.
„ამიტომ, რუსეთი სერიოზულად დაინტერესებულია სანდო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიების მოპოვებით, რომელიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეტევითი შეიარაღების სისტემების რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში განთავსებას“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press