"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) ადამიანის უფლებების შესახებ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში 2021 წელს არსებული მდგომარეობაა განხილული.
"საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 2021 წელს მკვეთრად გაუარესებულია. კერძოდ, მმართველ პარტიას მითვისებული აქვს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანაში ძლიერდება ავტორიტარიზმის ტენდენციები, რომლის საწინააღმდეგოდ არჩევნები - როგორც მთავარი დემოკრატიული მექანიზმი, უძლურია. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება არ ერიდება არც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს და არც ურთიერთობის გაურესებას საერთაშორისო პატნიორებთან, რაც ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ასუსტებს. შედეგად საზოგადოებაში ისედაც მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების ფონზე ძლიერდება ნიჰილიზმი, ხოლო ევროატლანტიკურ სივრცეში ფორმალური თუ ღირებულებითი ინტეგრაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო მკრთალი ხდება." - ნათქვამია ანგარიშში.
GDI-ი მიიჩნევს, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება 2021 წელს სათანადოდ დაცული არ იყო.
"შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება 2021 წელს კვლავ არ იყო სათანადოდ დაცული არც პრაქტიკაში და არც საკანონმდებლო დონეზე. კერძოდ, 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ ან ვერ დაიცვა ლგბტ+ თემის წევრები და მხარდამჭერები სიძულვილის ჯგუფებისაგან, რომლებმაც ძალადობრივად ჩაშალეს „თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში". 2021 წელს გაძლიერდა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესია, რომელიც გამოიხატა სხვადასხვა აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებითა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით. დემონსტრანტების კრიტიკის ჩასახშობად როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ისე სასამართლოები იყენებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა თანამედროვე სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა, კოდექსის რეფორმის ნაცვლად, გაამკაცრა სანქციები მის ყველაზე პრობლემურ მუხლებში. გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო „ამნისტიის შესახებ" კანონი, რომელიც გაავრცელა იმ სამართალდამცავებზე, რომლებმაც 2019 წლის 19-20 ივნისს უხეშად დაარღვიეს დემონსტრანტთა შეკრების თავისუფლება." - წერია განცხადებაში.
ანგარიშში, GDI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა პირების მასშტაბური და უკანონო ფარული მიყურადების შესახებაც წერს.
"გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა პირების მასშტაბური და უკანონო ფარული მიყურადების შესახებ. პროკურატურამ და სასამართლომ მიყურადების მსხვერპლებს არ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, ხელისუფლებას არ ჰქონია სათანადო რეაქცია პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უფლების შელახვის შემთხვევებზე. ხელისუფლებას ასევე არ აქვს ნება, რომ შეცვალოს და გააუმჯობესოს მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არღვევს საერთაშორისო და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და უკანონო მიყურადებისა და მსგავსი ტიპის, ფარული საქმიანობისგან რეალურად არ იცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს." - წერს GDI.
GDI -ის ანგარიშში ყურადღება არჩევნებზე გამახვილდა, 2021 წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რადგან, პოლიტიკურ პარტიათა შეთანხმების თანახმად, თუ „ქართული ოცნებას" პროპორციული წესით მხარს არ დაუჭერდა ამომრჩეველთა 43%, მაშინ წლის ბოლომდე დაინიშნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სამწუხაროდ, როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა არაერთი სერიოზული დარღვევა, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს არჩევნებისათვის სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორი გარემოს არსებობა და შეასუსტეს საბოლოო შედეგის მიმართ ნდობა.
GDI - 2021 წელს არ გამოსწორებულა ვითარება მართლმსაჯულების სისტემასა და სასამართლოში.
"პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება. 2021 წლის 23 თებერვალს, სასამართლოს მიერ გირაოს შეცვლის შემდეგ, სამართალდამცავები შეიჭრნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში და პარტიის ლიდერი, ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. ნიკა მელიას დაკავებამ გამოიწვია უმწვავესი კრიტიკა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე და კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი. ანალოგიურად, პოლიტიკურად მოტივირებული იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე. კერძოდ, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გამამართლებელი განაჩენების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო. თავდაცვის სამინისტრომ ამის შემდეგ, კეზერაშვილის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა, რაც სამოქალაქო სექტორმა კრიტიკულ მედიაზე ზეწოლად მიიჩნია. გარდა ამისა, პოლიტიკურად მოტივირებულია ქვეყნის მესამე პრედიზენტის, მიხეილ სააკაშვილის, წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები და პატიმრობა. პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ექსპერტების რეკომენდაციების მიუხედავად, იგი გადაიყვანეს არა მულტიპროფილურ ჰოსპიტალში, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და სადაც არ იყო მოშიმშილე სააკაშვილის მკურნალობისათვის სათანადო პირობები. შესაბამისად, იგი დაექვემდებარა დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას. გარდა ამისა, მას, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით, რამდენჯერმე არ მისცეს სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა." - ნათქვამია ანგარიშში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press