Foto

ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი მიწვევით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გუშინ გაემგზავრა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.