Foto

ჩაჩავას კლინიკის დირექტორი - „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია, დაბალი ვაქცინაციის ფონზე საფრთხე უფრო იმატებს

ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი, მარინე გელანტიას განცხადებით, საქართველოში, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ფონზე, კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების რისკი ძალიან მაღალია.

ექიმ-თერაპევტი თქმით, ვაქცინაცია ჩვეულ ცხოვრებასთან გვაახლოებს და აღნიშნავს, რომ იგი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირებისთვისაც ხელმისაწვდომია.

„ბოლო პერიოდში ვირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. დაბალი ვაქცინაციის ფონზე ეს საფრთხე კიდევ უფრო იმატებს. რისკი, რომელიც ახალმა შტამმა შეიძლება წარმოშვას, ეს არის ინფექციის უფრო სწრაფი გავრცელება, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდა, მძიმე კლინიკური შედეგები, მაღალი ლეტალობის მაჩვენებლები. ვითარების სიმძიმის განმსაზღვრელი ის იმუნური ფენა იქნება, რომელიც ახალ შტამს ქვეყანაში დახვდება.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან ერთად ვაქცინაცია გვაახლოებს ჩვეულ ცხოვრებას და მხოლოდ ვაქცინაციით შევძლებთ ერთად დავამარცხოთ COVID-19-ის პანდემია. ვაქცინაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომია.
ავიცრათ ერთმანეთისთვის!“, - წერს მარინე გელანტია სოციალურ ქსელში.