Foto

ჯანმოს ხელმძღვანელი - პანდემიის მხოლოდ „ბუსტერით“ დამარცხება, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსის განცხადებით, მოსახლეობის ვაქცინაციისას, მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მოწყვლადი ჯგუფების აცრას მიენიჭოს, ვიდრე უკვე აცრილი ადამიანების ხელმეორედ ვაქცინაციას. აღნიშნულის შესახებ, NDTV იუწყება.

მისი სიტყვებით, მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების მხრიდან ვაქცინათა ახალ-ახალი დოზების შესყიდვა, პირდაპირპროპორციულად უსამართლოდ აისახება მსოფლიოს დანარჩენ ნაწილზე, ეს კი, კორონავირუსს გავრცელებაში ხელს კიდევ უფრო მეტად მისცემს.

ტედროს ადჰანომის თქმით, რაც უფრო დიდი ხანი გავრცელდება ვირუსი, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ვირუსმა მუტაცია კიდევ და კიდევ განიცადოს.

„ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია, სახელმწიფოების მხრიდან „ბუსტერ“ დოზების საზოგადოებაში ჩაშვება, პანდემიას უფრო გაახანგძლივებს. ამის ალბათობა დიდია. ამ გზით, ვირუსს მუტაციისა და კიდევ უფრო მეტად გავრცელების საშუალება ეძლევა. შესაბამისად, პანდემიის მხოლოდ „ბუსტერით“ დამარცხება, ასე, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.