Foto

ომბუდსმენის განცხადებით, სააკაშვილის ციხეში გტადაყვანა ისე განხორციელდა, რომ პროცესში სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა არ გამოკვეთილა

საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას ვერ არც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა გაუწია მონიტორინგი და პროცესში, არც სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა გამოკვეთილა.

ომბუდსმენის თქმით, ექს-პრეზიდენტის N12 დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და გასაუბრება, თუმცა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეს ვერ მოხერხდა.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას და, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის უფლება არ მიეცათ სახალხო დამცველის რწმუნებულს და ექსპერტთა ჯგუფის წევრს. ექიმ-ნევროლოგს არ მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, გაცნობოდა მის სამედიცინო დოკუმენტაციას და შეეფასებინა მისი მდგომარეობა. პაციენტის ნევროლოგიური მდგომარეობის შეფას¬¬ება მნიშვნელოვანი იქნებოდა განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ პერიოდში იქნა მიღებული გადაწყვეტილება პენიტენციურ სისტემაში პაციენტის დაბრუნების შესახებ. სამწუხაროდ, ეტაპირება განხორციელდა ისე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იკვეთება სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცა არც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს.
2021 წლის 30 დეკემბერს, პატიმრის N12 დაწესებულებაში დაბრუნების შემდგომ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და გასაუბრება. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე გაესაუბრნენ დაწესებულების ექიმსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ეტაპირების პროცესში არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, თუმცა მისმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ მის მიმართ 30 დეკემბერს არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო კონსილიუმი და შესრულდეს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამავდროულად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს მკურნალობის ტაქტიკის მონიტორინგს. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა ნაწილის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჯგუფის სრულად შეკრება ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ჯგუფი ეცდება, რომ უახლოეს პერიოდში სრულყოფილად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო სტატუსი და მისთვის დანიშნული მკურნალობის ადეკვატურობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.